„ჩვენი და ტარიელ ნაკაიძის გზები გაიყო“ - ბოკერია პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ შეაჯერეს პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიას პარლამენტში წარმომადგენელი არ ეყოლება.

„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებში 5 მანდატი მოიპოვა. სამმა დეპუტატმა – დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ პარლამენტში შესვლა პარტიისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. იქიდან გამომდინარე, რომ პარტია დატოვა, მანდატზე უარი თქვა ელენე ხოშტარიამ. მეხუთე მანდატი კი ტარიელ ნაკაიძეს ეკუთვნის.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტია პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში არ შევა და დარჩენილ 2 მანდატს არ გამოიყენებს. მისივე თქმით, ტარიელ ნაკაიძეს ამ საკითხში განსხვავებული აზრი ჰქონდა.

„ბატონ ტარიელ ნაკაიძეს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ ჰქონდა სურვილი, ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი, უფრო მეტიც, ის სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ პარტიის შეიგნით გვქონდა, თუ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში, თუ აღდგებოდა  სიები, ის იმ კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაუთმობდა თავის ადგილს, მაგრამ ჩვენ რახან პარტიულად, პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის არ წარმოადგენს „ევროპულ საქართველოს“ ამ პარლამენტში“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეკითხვაზე, შედის თუ არა ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში, ბოკერია პასუხობს რომ ეს მისი გადასაწყვეტია. მისი თქმით, ელენე ხოშტარიას მიერ დათმობილ მანდატს პარტია არ გამოიყენებს.

„სხვებისგან განსხვავებით, მან [ნაკაიძემ] დაიცვა ყველა ის დემოკრატიული პროცედურა, რაც განსხვავებული აზრის დროს უნდა გქონდეს და რაც, სამწუხაროდ, სხვებმა და მათ შორის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ არ დაიცვეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

გარდა პარლამენტში შესვლის საკითხისა, გიგა ბოკერიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის გეგმებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მზად არის გონივრული კომპრომისებისთვის, „ოცნების“ კანდიდატის დასამარცხებლად.

ბოკერია გულისხმობს, მისი თქმით, საკვანძო ადგილებში – მაჟორიტარულ ოლქებში, მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატებზე საკვანძო ქალაქებში, მათ შორის, თბილისში შედგეს ოპოზიციური ერთობა ან კოორდინირებული მუშაობა.