„ჩვენი სურვილია, დავით წერედიანი მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალოს“ - მწერალთა ნაწილი მთავრობას მიმართავს

პუბლიკა

მთარგმნელი და პოეტი დავით წერედიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქართველი მწერლებისა და ხელოვანების ერთი ნაწილი მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

ქართველი მწერლების თხოვნა: 
2019 წელი უმძიმესი გამოდგა თანამედროვე ქართული ლიტერატურისათვის. სწორედ წლის მიწურულს დავით წერედიანის გარდაცვალებით დამთავრდა დიდი ლიტერატურული ეპოქა, რომლის შუაგულშიც უთუოდ იგულისხმებოდა ეს უაღრესად თავისებური პოეტი და უდიდესი მთარგმნელი, რომელიც მთელი თავისი შემოქმედებით მუდმივად ამდიდრებდა მშობლიურ ქართულ ენას და მის ახალ-ახალ შესაძლებლობებს ხსნიდა გასაოცარი სიზუსტითა და ოსტატობით.

დავით წერედიანის მიერ ქართულად ამეტყველებული მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ორიგინალური მწერლობის განუყოფელ და ორგანულ ნაწილად იქცა, ურომლისოდაც დღევანდელი ქართული მწერლობა ისეთი ღრმა და მრავლისმომცველი ნამდვილად არ იქნებოდა, როგორიც დღეს არის. აქ უსათუოდ ცალკე გამოსაკვეთია დავით წერედიანის მიერ ფრანგულიდან ვირტუოზულად თარგმნილი ფრანსუა ვიიონის დიდი და მცირე ანდერძი; გერმანულიდან თარგმნილი ოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი“, ბოდლერის, ვერლენის, რემბოს არაერთი ლექსის კონგენიალური თარგმანი, ძმები გრიმების ზღაპრების უბრწყინვალესი სამტომეული თუ სულ ახლახან ესპანურიდან ბრწყინვალედ გადმოქართულებული ფედერიკო გარსია ლორკას „ბოშური რომანსერო“.

ეს ძირითად ნაშრომებს თუ ჩამოვთვლით, თორემ არ არსებობდა ტექსტი, რომელსაც დავით წერედიანის ხელის შეხება ქართული ლიტერატურის უშინაგანეს და უბრწყინვალეს ფაქტად არ აქცევდა. მაგალითისათვის შეგვიძლია მისი თარგმნილი თანამედროვე ფრანგი ავტორის პასკალ კინიარის „ყოველი დილა ქვეყანაზე“ გავიხსენოთ, სადაც წერედიანის ნიჭმა სრულიად სხვა, არაამქვეყნიური დიდებულებით გაიბრწყინა.

აღსანიშნავია, რომ დავით წერედიანმა სვანურიდან ქართულად თარგმნა სვანური ხალხური პოეზიის ნიმუშებიც. ცალკე უნდა ითქვას მასზე, როგორც დიდებულ პოეტზე, რომლის დანატოვარი მცირეა, მაგრამ რაც არის, ყოველგვარი მინარევების გარეშე და შეიძლება გადაუჭარბებლად შეფასდეს, როგორც უმაღლესი სინჯის პოეზია.

ამ წერილის ხელისმომწერნი, ქართველი მწერლებისა და ხელოვანების ერთი ნაწილი, ვფიქრობთ, გამოვხატავთ ჩვენი საზოგადოების ერთსულოვან აზრს და ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, შესაძლებლობის ფარგლებში ერთად ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ღირსეული პატივი მივაგოთ ამ მართლაც დიდ პოეტსა და ლიტერატორს.

ჩვენი სურვილია, დავით წერედიანი მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალოს. თვითონ ახალშესვენებული მწერლისათვის ამას შეიძლება არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია.

ეს გვჭირდება ჩვენ და მომავალ თაობებს, ვისთვისაც დავით წერედიანი მუდამ იქნება ნიჭიერების, ოსტატობის, გემოვნებისა და მწერლური თავდადების ერთ-ერთი ნიშანსვეტი.

გიორგი ლობჟანიძე, პოეტი და მთარგმნელი

ლია სტურუა, პოეტი

კოტე ჯანდიერი, მწერალი

მანანა მენაბდე, მუსიკოსი

ზვიად კვარაცხელია, გამომცემელი

შოთა იათაშვილი, პოეტი, მთარგმნელი

თემურ ჩხეტიანი, პოეტი

ბესიკ ხარანაული, პოეტი

ვახტანგ ჯავახაძე, პოეტი

გურამ ოდიშარია, პოეტი

როსტომ ჩხეიძე, მწერალი

პაატა ჩხეიძე, მთარგმნელი

ზურაბ ქარუმიძე, მწერალი

თეონა ბექიშვილი, პოეტი

ირაკლი ჯავახაძე, მწერალი

ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი

თამარ ჯაფარიძე, მთარგმნელი

ბესო ხვედელიძე, მწერალი

ლევან ბრეგაძე, მწერალი, კრიტიკოსი

ვასილ გულეური, პოეტი

ბესო სოლომონიშვილი, მწერალი

გიორგი კეკელიძე, პოეტი

წერილის ხელმომომწერთა სია იზრდება.