ცხენოსნობის ფედერაციას თეა წულუკიანმა ცხენები გადასცა – სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინეს.

სამინისტროს ცნობით, დღეს ცხენები ფედერაციას მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ გადასცეს.

„დაპირება შესრულდა და დღეს საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციას უკვე ჰყავს სამი ცხენი. ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა. ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევროს ოდენობის თანხა გამოყო“, – ამბობენ სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა ჯაიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 30 წელიწადია,  სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ფედერაციას არასოდეს ჰქონია და თეა წულუკიანის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ამ მხარდაჭერის მიღება.