ცხინვალში „სამხრეთ ოსეთ-რუსეთის დემარკაციის ერთობლივი კომისიის“ სხდომა გაიმართა

პუბლიკა

ოკუპირებულ ცხინვალში 15-დან 19 ივნისის ჩათვლით „სამხრეთ ოსეთ-რუსეთის დემარკაციის ერთობლივი კომისიის“ მეთორმეტე სხდომა გაიმართა.

ინფორმაციას ავრცელებს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სამთავრობო მედია „რეს“ ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

უწყება წერს, რომ „ხუთდღიანი მუშაობის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივი ფორმალიზების პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.

ცხინვალი ამბობს, რომ „შეხვედრამ კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში ჩაიარა“.

„ერთობლივი კომისიის მომდევნო სხდომის ჩატარების ვადებსა და ადგილს მხარეები დიპლომატიური არხებით შეათანხმებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ კომისიის სხდომას გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“.

პარტიის განცხადებით, „აშკარაა, რომ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის გაფორმების“ პროცესი პირდაპირ კავშირშია იმ მოღალატეობრივ პოლიტიკასთან, რომელსაც „ოცნება“ ატარებს“.

„დღეს განსაკუთრებით სიმბოლური და ამავდროულად ტრაგიკულია, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. „კეთილმეზობლობის სულისკვეთებით“ ჩვენი მიწების მიტაცებას აფორმებენ, „ოცნება“ გიორგი გახარიას ქართული მიწის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის გამო ასამართლებს.

ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება – ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი და ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს ინტერესების დაცვა მათთვის დასჯადი ქმედებაა.

ყველას, ვინც ამ მოღალატეობრივ საქმეში იღებს მონაწილეობას, უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“, – აცხადებს პარტია.