ცხრა ევროპული ქვეყანა უკრაინასთან ერთად ანტიბალისტიკური სარაკეტო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდა

პუბლიკა

საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან ერთად ერთობლივი ანტიბალისტიკური სარაკეტო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი.

„დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ მხოლოდ თავდაცვითი დანიშნულების ანტიბალისტიკური სარაკეტო კოალიციის შექმნის პროცესს. ასევე ვადასტურებთ მხარდაჭერას მისი ფლაგმანური პროექტის მიმართ, რომლის მიზანია დაჩქარებული ტემპით ანტიბალისტიკური თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება.

გვჯერა, რომ ევროპის დაცვა მოითხოვს ინტეგრირებული სარაკეტო თავდაცვის არქიტექტურის შექმნას, რომელიც შეძლებს მომავალი სარაკეტო საფრთხეების შეკავებასა და განეიტრალებას. ეს უნდა განხორციელდეს კოლექტიური ძალისხმევის, ტექნოლოგიური ღიაობისა და სანდო სამრეწველო თანამშრომლობის საფუძველზე.

თავდაცვითი ინდუსტრიის, სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალისა და ოპერატიული გამოცდილების გაერთიანებით, ჩვენი მიზანია ევროპისთვის საერთო ანტიბალისტიკური შესაძლებლობების შექმნა და ამ მიმართულებით შესაბამისი საქმიანობის მხარდაჭერა. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა რომელიმე ხალხის წინააღმდეგ, არამედ თავდაცვის მიზნით“, – ნათქვამია ათი ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციაში.

დეკლარაციის მიხედვით, კოალიცია გეგმავს, შეიმუშაოს საერთო ოპერატიული მოთხოვნები, შექმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მექანიზმები და შეადგინოს საგზაო რუკა, რომელიც პირველადი ოპერატიული შესაძლებლობების შექმნას უზრუნველყოფს თითოეული ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

კოალიცია ღია რჩება სხვა სახელმწიფოებისთვისაც, რომლებიც იზიარებენ მის პრინციპებსა და მიზნებს.


დღეს, 13 ივლისს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ შეხვედრამ „შესაძლოა უკრაინისთვის თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელოვნად უფრო ფართო შესაძლებლობებს გახსნას“.

მისი თქმით, უკრაინის მთავარი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვაა. ზელენსკი ბოლო პერიოდში აქტიურად მოუწოდებს პარტნიორებს, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცენ, რათა ქვეყანამ რუსეთის ბალისტიკური სარაკეტო შეტევების მოგერიება შეძლოს.