COVID-19-ს გამოვლენის სამი ტალღა ექნება - გაეროს გენმდივნის მრჩეველი

პუბლიკა

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის პროგნოზით, COVID-19-ს გამოვლენის სამი ტალღა ექნება. პირველი ტალღა ზაფხულის დადგომასთან ერთად დამთავრდება, ხოლო მეორე და მესამე – გრიპების სეზონთან ერთად დაიწყება.

„პირველი ტალღის შემდეგ, მაქსიმუმ, 2-3 თვეში ეს ამბავი დამთავრდება და  ზაფხული გვექნება სასიამოვნო და კარგი, მაგრამ მერე დაიწყება ოქტომბერი, როცა, პრაქტიკულად, გრიპების სეზონი დაიწყება. ვიცით, რომ ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება, არც წამალი გვექნება ამ ექვს თვეში, რაც უნდა ვთქვათ, შესაბამისად, შევხვდებით ვირუსს ხელახლა და უფრო იმუნიტეტდაქვეითებულები.

თუ შევხვდით პირველს, ასე თუ ისე, ვიყავით უფრო ძლიერები – ვმუშაობდით, ვიყავით გარეთ და ახლა რომ ვსხედვართ სახლში 2-3 თვეა, პრაქტიკულად, არ გვაქვს საშუალება, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება იჩენს თავს. გვექნება ფართო კრიზისი, ანუ ის ქრონიკული დაავადებები გახდება მწვავე და ჩვენ შევხვდებით მეორე ტალღას დაქვეითებული იმუნიტეტით.

ჩვენ შეიძლება ასევე გვქონდეს სეზონური გრიპი, რომლის სეზონიც მოდის. ვთქვათ, მთელი ეს ბუკეტი ცხადყოფს, რომ ზაფხულის თვეებში ჯანდაცვის სისტემის მობილიზაციაა საჭირო – მთლიანად უნდა გადაეწყოს. უნდა იყოს ჩართული როგორც კერძო სექტორი, ასევე სახელმწიფო, გამოყოფა არ შეიძლება. ამის შედეგად შეიძლება შევამციროთ დარტყმა, თუმცა დარტყმა მაინც იქნება ძლიერი, როგორც უნდა დავაწყნაროთ მოსახლეობა.

მე ვფიქრობ, რომ ჯობია, ვიყოთ მომზადებულები, ვიცოდეთ, რას ველოდებით და  თუ შეიარაღებულნი ვიქნებით  სწორად, უფრო კარგად გავუძლებთ ამ დარტყმას”, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile