COVID-19 | საქართველოში გამარტივებული წესით შემოსვლას თურქეთიდანაც შეძლებენ - თურნავა

პუბლიკა

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორებს საქართველოში გამარტივებული წესით – PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლა შეეძლებათ, თურქეთის რესპუბლიკაც დაემატა, – ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„თურქეთი ჩვენი დიდი მეზობელია, იქიდანაც ველოდებით ვიზიტორებს ამ გამარტივებული წესებით – PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს საქართველოში იმავე ტესტის ჩაბარებით. ეს არის დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმის სექტორისთვის, რადგან ჩვენი  მეზობელი ქვეყანა  ყოველთვის  იყო ტურისტების წყარო  და ასევე თურქეთიდან ბევრი ბიზნეს-ვიზიტორი გვსტუმრობს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, დაახლოებით 15 თებერვლიდან ავიაკომპანიები და საერთაშორისო ფრენების რაოდენობა გააქტიურდება, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე არ იქნება კრიტიკული ზრდა, მაგრამ გარკვეულწილად მოიმატებს.

„ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ჩვენ საკმაოდ ნათელი, მკაფიო და კარგად გააზრებული წესები გვაქვს ქვყანაში შემოსვლის, საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის. როგორც იცით ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს წესებიც გარკვეულწილად შემსუბუქდა, და ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან რეზიდენტი, ვისაც აქვს თავისი ქვეყნის მიერ გაცემული სრულყოფილი ვაქცინაციის მოწმობა, უპირობოდ და ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.