დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, დაიცვას სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები - ჰარცელი

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპული პერსპექტივის შესახებ მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა.

ნიკა გვარამიას გათავისუფლბასა და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე ელჩი ჰარცელი ამბობს, რომ ცალკეულ საქმეებზე საუბარი მისი მანდატის მიღმაა, ზოგადად კანონის დაცვას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისთვის.

„ეს საქმეები დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ურჩევდა უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებას, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად. თქვენ კვლავაც ამოიკითხავთ მსგავს მოწოდებებს ევროკომისიის მოსაზრებაში.

ევროკავშირი რჩება იმ აზრზე რომ საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ყველა სამართლებრივი საქმე, მათ შორის ბ-ნი გვარამიასა და ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც, უნდა მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და გამოყენებული უნდა იქნას სამართლიანი და სათანადო წესები და პროცედურები.

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ბატონი გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება. ეს საქმე ასევე აჩენს შეკითხებს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც, ბოლო დროს, საქართველოში სტრესულ გარემოში აღმოჩნდა“, – ამბობს ჰარცელი.