დაინახეს, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით ქვეყანა დიდი ალბათობით მიიღებს სტატუსს, კანონპროექტით პროცესს აფეთქებენ - გახარია

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ აგენტების შესახებ უმრავლესობის დეპუტატების კანონპროექტის ინიციირებას ერთი ახსნა აქვს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„როდესაც საქართველოს მთავრობამ დაინახა და მიხვდა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ეს პროცესი უბრალოდ ააფეთქონ. მე არ ვიცი, ამას რა უნდა დავარქვათ. ამას სხვა ახსნა არ აქვს.. არც დროს, როდესაც ეს კეთდება…

ერთსა და იმავე სიბრტყეში აყენებენ ოკუპანტ ქვეყანას და სტრატეგიულ პარტნიორებს, მთლიანობის აღდგენაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

ქართველი ხალხის 80% ხმას აძლევს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს, და ვიღაცა ამ არჩევანს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ”, – განაცხადა გახარიამ.

ის დღეს ლატვიის საელჩოში იმყოფებოდა, თანაპარტიელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება, რათა დაარწმუნონ ევროპელი პარტნიორები, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.