დაინფიცირების დინამიკა ზომიერი და კონტროლირებადია - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა დინამიკა დადებითია, რადგან  შემთხვევების მატება „ზომიერი და კონტროლირებადია”.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 252 დადასტურებული შემთხვევიდან 60 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, მათგან 42 ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ბათუმიდან ინფიცირებული დედა-შვილი თბილისის ინფექციურში უკვე გადმოიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია და ექიმები მათი მდგომარეობის პროგრესირებას არ ელიან. ექიმის თქმით, ამ ორი პაციენტის გარდა, ინფექციურ კლინიკას ახალი პაციენტი არ ჰყავს.

რაც შეეხება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ სამ მოქალაქეს, ეზუგბაიას ინფორმაციით, მათგან ერთი დასტაბილურდა და კრიტიკულად აღარ ითვლება.

„რჩება მძიმე პნევმონიებიდან კრიტიკული 2 პაციენტი, თუმცა ერთ-ერთ მათგანთან უკვე სტაბილიზაცია შეინიშნება. მხოლოდ ერთი პაციენტია ჯერჯერობით კვლავ მძიმე, რომლის პროგნოზის გათვალისწინება ჯერ შეუძლებელია”, – განაცხადა ექიმმა.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 33 პაციენტი მკურნალობს, 7 მათგანს აღენიშნება პნევმონია. საქართველოში ამ დროისთვის დადასტურებულია 252 შემთხვევა, გარდაცვლილია 3 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 63.