დაინტერესებული ვართ, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირზე დადგინდეს ჭეშმარიტება - შსს

პუბლიკა

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან და დაინტერესებულია, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მიმართ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება”, – 15 წლის დაღუპულ ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

„უპირველესად, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის არასრულწლოვნის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში 20 საათსა და 10 წუთზე გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.