დაკავებულია პირი, რომელმაც კიკეთში 6 პირი დაჭრა, მათგან ერთი დაიღუპა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით ცნობებს ავრცელებს კიკეთში სროლის შესახებ.

უწყების ცნობით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული გ.ნ. ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 პირი დაჭრა. 1971 წელს დაბადებული გ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

ბრალდებული გ.ნ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აცხადებს შსს.