დაკითხვის დროს არასრულწლოვნები ერთმანეთს დააპირისპირეს – აჭარაძე ლუკა სირაძის საქმეზე

პუბლიკა

დაკითხვა იყო ძველი სტილის. არასრულწლოვანი მოწმეები ერთმანეთს დააპირისპირეს, – ამის შესახებ საიას იურისტმა, რეზო აჭარაძემ ლუკა სირაძის საქმეზე საუბრისას „ტვ პირველთან“ განაცხადა.

„მას აიძულებდნენ, ეღიარებინა, თითქოსდა მან მოხატა „მწვანე სკოლის“ კედლები და შიდა ტერიტორია. ასევე, უფროსის მოადგილის მიერ გაყვანილი იყო ცალკე, რამდენიმე წუთით, რის შემდგომაც ის დაბრუნდა ძალზე ანერვიულებული  და ატირებული, მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა არ აღმოუჩინეს.

ასევე, როგორც საგამოძიებო მასალებიდან, რისი უფლებაც მოგვცეს და  გავეცანით ამ მასალებს, ირკვევა, რომ, ფაქტობრივად, ძველი სტილის დაკითხვა იყო: დაპირისპირებაც კი მოხდა, რასაც უარყოფს გამომძიებელი, რომელიც დაკავებულია“, – თქვა აჭარაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა დაპირისპირება სხვა მოწმესთან და ამ მოწმეებს შორის იყო თუ არა არასრულწლოვანი გოგონა, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა,  საიას იურისტმა, რეზო აჭარიძემ  უპასუხა, რომ დაპირსპირება მოხდა არასრულწლოვნებს შორის.

„არასრულწლოვნები ჰყავდათ უშუალოდ მაგ განყოფილებაში და დააპირისპირეს ერთმანეთს. რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა. ამ ნაწილზე, გოგონაზე, მეტს მე ვერაფერს დავამატებ“, – განაცხადა რეზო აჭარაძემ.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.