დაპატიმრების ორდერების აღსრულებას მიზნით საქართველო სრულად ითანამშრომლებს ჰააგის სასამართლოსთან - სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. უწყების თქმით, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.

სამინისტრო განმარტავს, ვის მიმართ გამოიტანა სამინისტრომ გადაწყვეტილებები:

„ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ: მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი); ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი); დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი).

გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.

პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ…

აღსრულება

რაც შეეხება დაპატიმრების ორდერების აღსრულებას, რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის) ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით. ამ მიზნით საქართველო სრულად ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე”, – წერს სამინისტრო.