დარწმუნებულები იყავით, რომ მწვანე ბარათები ამოქმედდება - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და ვაქცინაციის ტემპის გასაააქტიურებელი ღონისძიებების საჭიროებაზე შეკითხვებს უპასუხა.

ამირან გამყრელიძის თქმით, 5000 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მარტივი არაა, თუმცა რაღაც სეგმენტში ვაქცინაციის გამო, და არამხოლოდ, შეიქმნა იმუნური ფენა და ეს ფენა გარკვეულ რეზისტენტობას ქმნის.

„ერთადერთი არის ის, რომ შემთხვევათა უმრავლესობა არ არის მძიმე. ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე ჯერ არ გამოკვეთილა. ეს განპირობებულია იმით, რომ იმუნური ფენა რაღაც სეგმენტში გაჩნდა. ისეთი არაა ეს იმუნური ფენა, როგორიც ჩვენ გვინდა, მაგრამ მილიონი ადამიანია აცრილი და დაახლოებით 42% გადატანილი აქვს. ამიტომ ეს იმუნური ფენა გარკვეულ რეზისტენტობას ქმნის“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალ შტამზე შეკითხვას კი უპასუხა, რომ დღეს ქვეყანაში მხოლოდ დელტა შტამი ცირკულირებს.

„გიდასტურებთ, რომ დელტაა. ჩვენ სერიოზულად ვაკვირდებით ლუგარში და ახალი შტამი არ გამოჩენილა. თვითონ დელტას აღმოაჩნდა თავისებურებები – რეინფიცირების მეტი პოტენციალი, რაც მთავარია და ამიტომ გაზრდილია რეინფიცირების შემთხვევები“, – განცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს 5000 შემთხვევის ფონზე შედარებით მშვიდი სიტუაციაა აჭარაში.

„რატომ გვაქვს შედარებით მშვიდი სიტუაცია აჭარაში? იმიტომ, რომ აჭარა, თავისი მოცვის მაჩვენებლით, თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა, ბათუმმა კი თავისი მოცვით მიაღწია 60%-იან ნიშნულს – მოზრდილი მოსახლეობის 60%-იან მოცვაზე უკვე გავიდა. თბილისი უახლოვდება ამას –  54%-ია თბილისში მოზრდილი მოსახლეობის ორჯერადი აცრა. სამწუხაროდ, სხვა რეგიონებში დაბალია, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა. პატარა რეგიონია და იქაც, სადღაც, 37%-ზეა მოზრდილი მოსახლეობის მოცვა აცრით.

თბილისსა და აჭარაში ინციდენტობის მხრივ უკეთეს სიტუაციაში არიან.“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

რას გეგმავენ იმუნიზაციის პროცესის გასააქტიურებლად?

ამირან გამყრელიძის თქმით, იმუნიზაციის პროცესის გასააქტიურებლად მარათონთან ერთად, სხვა წამახლისებელი ღონისძიებებიც იგეგმება. მისი თქმით, პაკეტები დაიხვეწება და გადაწყვეტილებებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო.

„დღეს მოზრდილი მოსახლეობის 32% გვაყვს აცრილი და ტემპი უნდა გავზარდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება“. – განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ პროგნოზი საიმედო არაა და უნდა მომზადდეს „ხისტი გადაწვეტილებების“ პაკეტი.

რაც შეეხება შეკითხვას მწვანე პასპორტის ამოქმედების შესახებ,  გამყრელიძემ უპასუხა, რომ ის აუცილებლად ამოქმედდება.

„მწვანე პასპორტები ამოქმედდება, დარწმუნებულები იყავით, რომ ამოქმედდება. თარიღს ვერ გეტყვით, როდიდან.“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მწვანე პასპორტთან მიმართებით მრავალი მიდგომა არსებობს და რომელს აირჩევს საქართველო, ესაა გადასაწყვეტი.

ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა სოფლებში ვაქცინაციის მარანთონის მიმდინარეობაზე.

მისი თქმით, ორ დღეში 4 სოფელში სულ 151 ადამიანი აიცრა. „პირველ დღეს ავცერით 101 იმ ოთხ სოფელში და შემდეგ დაემატა 50-მდე იმავე 4 სოფელში და დაემატა ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელი. იმედი მაქვს, რომ თანდათან ეს მოიმატებს ეს რიცხვი“, – ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, 10 დღე დააკვირდებიან, რა შედეგს გამოიღებს მარათონი და გაიზრდება თუ არა მოსახლეობის დამყოლობა.

„10 დღე უნდა დავაკვირდეთ მარათონის მიმდინარეობას და იმედი მაქვს, სხვა გადაწყვეტილებებიც იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

18 ოქტომბრიდან საქართველოს დიდ სოფლებში, სადაც 3 ათასზე მეტი მოსახლეა, „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო. ეს პროცესი სხვადასხვა რეგიონში 50-მდე სოფელს მოიცავს. მარათონი შიდა ქართლის 4 სოფელში – კავთისხევში, ხიდისთავში, კარალეთსა და ხელთუბანში დაიწყო.

„სამწუხაროდ, დაეცა ვაქცინაციის ტემპი. ვისაც უნდოდა აცრა და იყო მოტივირებული მოვიდა და აიცრა იმ საკომუნიკაციო კამპანიის ფონზე, რაც მიმდინარეობდა ქვეყანაში. ახლა მეორე ნაბიჯი გადაიდგა – ადგილზე მივიდეთ ადამიანებამდე და შემდეგ მესამე ნაბიჯი პირდაპირი ან არადაპირდაპირი მანდატორიზმია“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძემ  ლატარიის როლზეც ისაუბრა, იმუნიზაციის პროცესში.

„გარკვეულწილად, იმუშავა, მაგრამ, რომ გითხრათ, დიდი სტიმული მისცა ლატარიამ, არა!“