დარწმუნებული ვარ, ხშირად არც აქვს წაკითხული განცხადებები, რომლებსაც ვაკეთებ - ლომჯარია ვოლსკიზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „ფორმულასთან” სტუმრობის დროს მის განცხადებაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურა.

„ვუპასუხებდი იმას, რომ, როგორც წესი, ბატონ ვოლსკის აქვს ხოლმე ერთგვაროვანი კომენტარები ჩემი მისამართით. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის განცხადებას ვაკეთებ, ან რას ვაფასებ, ან რა რეკომენდაციას გავცემ. მე მაქვს განცდა, რომ ის საქმეში ჩაუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ არც აქვს ხშირად წაკითხული ის ანგარიშები, თუ განცხადებები, რომლებსაც ვაკეთებ, როგორც წესი, აქვს ხოლმე ძალიან სტანდარტული და ერთგვაროვანი კომენტარები”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ლომჯარიას ურჩევს ვოლსკის, პოლიტიკური შეფასებების გაკეთებამდე, უკეთ გაეცნოს ხოლმე მის განცხადებებსა და შეფასებებს.

„მე მის ამ ტიპის შეფასებებს არ აღვიქვამ სერიოზულად და ვურჩევ, რომ კარგად გაეცნოს ხოლმე იმ შეფასებებს, რომელსაც სახალხო დამცველი აკეთებს და უფრო კომპეტენტური პასუხები გასცეს, თუ ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩემი ყველა განცხადების, თუ კომენტარის პოლიტიკურ შეფასებას”, – განაცხადა ლომჯარიამ.

საქმე ეხება ვოლსკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სახალხო დამცველმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის მონახულების შემდგომ, „ბრტყელ-ბრტყელი” პოლიტიკური შეფასებები გააკეთა.

ვოლსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა თავი დაიცვას და სტაბილურობა შეინარჩუნოს, ხოლო, მეორე მხრივ, აგრესიას აარიდოს თავი, რისი დანახვაც, მისი თქმით, სახალხო დამცველს არ სურს.

სახალხო დამცველმა გუშინ საოკუპაციო ძალების მხრიდან დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის მონახულების შემდგომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია ეფექტური ბერკეტი, რომლითაც ეფექტურად მოგვარდებოდა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გატაცებების საკითხი.