დასანანია, მაგრამ რეალობაა, გელათში ზოგიერთ ნაწილში ზიანი იქნება შეუქცევადი - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან გელათის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როგორც სპეციალისტებისგან იცის, ზოგიერთ ნაწილში ზიანი არის შეუქცევადი.

„ჩემი ფუნქცია არ არის, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით 2008 წლიდან 2020 წლის ჩათვლით რა ღონისძიებები გატარდა, და რომლებიც სრულად იყო წარუმატებელი, ვეძიო პასუხისმგებელი პირი. ამისთვის არსებობს საქართველოს პროკურატურა და ისინი აწარმოებენ გამოძიებას, როგორც ჩემთვის ცნობილია – საკმაოდ მასშტაბურსაც, თუმცა დეტალებს არ ვიცნობ.

ჩემი ფუნქციაა, უკვე გაფუჭებულ საქმეზე შევძლო გამოსავლის მოძებნა, საამისოდ გადადგმულია მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ, როგორც იქნა, მივაღწიეთ კონსენსუსს ფრესკისა და კედლის მხატვრობის აღდგენისა და კონსერვაციის შესახებ, სპეციალისტებთან ერთად, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, იმ მეთოდთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს კონსერვაცია.

ასევე, დასანანია, მაგრამ რეალობაა, როგორც თავად სპეციალისტებმა გვითხრეს ამ სხდომაზე , რომ, რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი იქნება შეუქცევადი, მაგრამ იქ, სადაც არ არის ზიანი შეუქცევადი, უნდა ვაწარმოოთ საკონსერვაციო საქმიანობა და ამაზე იქნა შეთანხმება მიღწეული, რაც გაძნელდა, რადგან აზრებს შორის არ იყო თანხვედრა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გელათის კონსერვაციასთან დაკავშირებით რამდენი სპეციალისტიცაა, იმდენი აზრი არსებობდა, მაგრამ კულტურის სამინისტრომ შეკრიბა ისინი რამდენიმე დღის წინ და სხდომაზე შეთანხმდნენ ერთ მეთოდზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ, რა ნაწილშიც არ არის ზიანი შეუქცევადი, ისინი ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად მუშაობენ.