დასკვნა არ არსებობს, რომ ნორვეგიაში მოხუცების გარდაცვალება გამოწვეული იყო ვაქცინის შემდგომი გართულებით – გამყრელიძე

პუბლიკა

დღევანდელ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეკითხვა დაუსვეს საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ნორვეგიაში Pfizer-ით ვაქცინაციის შემდგომ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. გამყრელიძე აცხადებს, რომ, ჯერჯერობით, არ არსებობს დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ეს ადამიანები ვაქცინის მიღების შემდგომ გარდაიცვალნენ. მისივე თქმით,  მომხდარს ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი სწავლობს, დასკვნები ნაადრევად არ უნდა გამოვიტანოთ, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს იმუნიზაციის პროცესს.

 „მესმის, რომ ეს იქნება ძალიან მაღალი ინტერესის საკითხი, მაგრამ არავის არ უთქვამს ჯერ, რომ ეს ადამიანები გარდაიცვალენ Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდგომ. მე დღეს ძალიან აქტიურად გავეცანი ნორვეგულ წყაროებში მითითებულ ლიტერატურას, ასევე ალბათ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ორმხრივი ხელშეკრულება და კონტრაქტი ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტთან. მქონდა სატელეფონო საუბრები, ასევე, უნივერსიტეტის წამყვან პროფესორებთან და ჯერჯერობით ეს არის შესწავლის საგანი. გადაწყვეტილება და დასკვნა, რომ ეს სიკვდილი, ამ 23 მოხუცი ადამიანის, გამოწვეული იყო ვაქცინის შემდგომი გართულებით, ასეთი დასკვნა არ არსებობს.

ესენი არიან მოხუცთა სახლებში მყოფი 80 წელს ზემოთ ადამიანები, სადაც სიკვდილი დადგა რამდენიმე დღის შემდეგ. ამიტომ დღეს ამ საკითხს სწავლობს ნორვეგიის წამლის სააგენტო. სწავლობს ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი და იქნება შესაბამისი დასკვნები. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ ვიჩქარებთ, რადგან ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს იმუნიზაციის პროცესს“, – განაცხადა გამყრელიძემ.