დავაკავეთ პირი, რომელმაც თბილისში პოლიციის თანამშრომელი დაჭრა - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა პოლიციელის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 1980 წელს დაბადებული ი.დ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სადახლოს გამშვებ პუნქტთან დააკავეს, რა დროსაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

დანაშაულები 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1990 წელს დაბადებული ლ.მ. რომელიც არის პოლიციის თანამშრომელი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე. ლ.მ. ამჟამად მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.“

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.