საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივას ბიუროს სხდომაზე უპასუხა.
გიორგი ვაშაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაზე გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმების შემსუბუქებასა და ძველი ნორმების უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.
არჩილ თალაკვაძემ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ საკანონმდებლო ინიციატივა გააკრიტიკა და ვაშაძეს მიმართა, რომ საოცარია, როდესაც პოლიციის დღეს ასე ულოცავს პოლიციელებს ოპოზიციის წარმომადგენელი.
„ჩემთვის საოცარია, რომ პოლიციის დღეს ოპოზიციის წარმომადგენელი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ასე ულოცავს და ასე შეხვდა პოლიციის დღეს – პირდაპირ ინიციატივა შემოაქვს და დაჩქარებული წესით მოითხოვს განხილვას.
თურმე, უნდა შევარბილოთ სანქციები იმაზე, რასაც აქ თვეების განმავლობაში ვხედავდით, როგორ აყენებდნენ თქვენი ოპოზიციონერი კოლეგები შეურაცხყოფას პოლიციელებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მოვლენებზე, რომ საათების განმავლობაში ფიზიკური შეტევა მიმდინარეობდა პოლიციელებზე. ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში.
არავითარი სამოქალაქო უფლებების გაუმჯობესება არ არის თქვენი ინიციატივა. სამოქალაქო უფლებების მშვიდობიანი პროტესტით იმ ადამიანებს, ვინც კანონის დაცვით მანიფესტაციას მართავს, არაფერს არ უზღუდავს ეს საკანონმდებლო ნორმები. მინდა გითხრათ, თვითონ დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, რომ სცოდნოდა თქვენი ინიციატივის შესახებ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა 29 აპრილს დაამტკიცა.