დაზარალებულები პროცესში უნდა შემოვიდნენ როგორც სუბიექტები | ნაცვლიშვილი

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ოფისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით გამართეს შეხვედრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ  პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნსისი საქმეზე ბრალდებულ პოლიციელთა ამნისტია დაზარალებულთა თანხმობით უნდა მოხდეს.

„რაც შეეხება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალდებულ სამ პოლიციელს, რომლებზეც საუბრობს ხელისუფლება. ერთადერთი რა შემთხვევაშიც შეიძლება ამ საკითხზე იყოს მსჯელობა  არის შემდეგი პრინციპული საკითხი – ამ დანაშაულებს ჰყავს კონკრეტული დაზარალებულები. დაზარალებულებს ვერ მოვექცევით როგორც ობიექტებს, უნდა შემოვიდნენ პროცესში როგორც სუბიექტები, რომლებსაც აქვთ ღირსება და უფლებები. მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება ამ კონკრეტული მუხლზე გავრცელდეს ამნისტია.“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, სამი ბრალდებული პოლიციელზე ამნისტია უნდა გავრცელდეს დაზარალებული მხარის თანხმობის შემთხვევაში.

„მოქალაქეების მხრიდან 16 ადამიანია, რომელიც ამ კატეგორიას ექვემდებარება გარდა ნიკა მელიასი. საუბარია სამ პოლიციელზე, რომელიც არის კონკრეტული მუხლით, თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით ბრალდებული. აქ საუბარია იმაზე რა ფორმით უნდა მოხდეს ამნისტიის კანონის გაფორმება. ჩემი აზრია, რომ პოლიციელების შემთხვევაში ჩვენ უნდა დავამატოთ დაზარალებული მხარის თანხმობა, თუ ასეთი დაზარალებული ამ საქმესთან მიმართებით არსებობს. ამ ყველაფერზე მსჯელობა ამნისტიის კანონის მიღების პროცესში გაიმართება.“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.