დედა შეაგინეს „ქართული ოცნების“ ათეულობით აქტივისტს და ამაზე იყო რეაქცია – კობახიძე

პუბლიკა

„მივიდნენ და დედა შეაგინეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წინ მდგარ რამდენიმე ათეულ მხარდამჭერს. ეს არის უმძიმესი პროვოკაცია. სადღაც ვახერხებთ, რომ დედის გინების მიუხედავად, არ იყოს რეაგირება, სადღაც ვერ ხერხდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, მარნეულში გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ და „ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციებში დაადანაშაულა როგორც ბოლნისის, ასევე მარნეულის შემთხვევებზე.

„რა ესაქმებოდათ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს ან ერთ, ან მეორე შტაბთან ხომ?! ორივე შემთხვევაში, ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია – მიცვივდნენ საარჩევნო შტაბთან, ორივე შემთხვევაში. მარნეულში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მივიდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც პროფესიონალი პროვოკატორები არიან. ყველამ იცის მათი სახელები და გვარები. რამდენიმე ინციდენტი მოაწყვეს მათ მთელი ამ წლების განმავლობაში. როგორ ხდება, რომ მაინცდამაინც მათ უკავშირდება ეს ინციდენტები?! მივიდნენ და დედა შეაგინეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც რამდენიმე ათეული იდგა საარჩევნო შტაბის წინ. ეს არის უმძიმესი პროვოკაცია – სადღაც ვახერხებთ ამას, რომ დედის გინების მიუხედავად, არ ახდენენ რეაგირებას, სადღაც ვერ ხერხდება ეს ყველაფერი… გუშინაც ზუსტად იგივე მოხდა. დედა შეაგინეს „ქართული ოცნების“ ათეულობით აქტივისტს და ამაზე იყო რეაქცია ის, რაც იყო და რაც ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა კობახიძემ.

მან „ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მოთმინებისკენ მოუწოდა, ოპოზიციას კი –პროკოკაციების შეწყვეტისკენ.

„ჩვენი მოწოდება არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში, უმძიმეს პროვოკაციებსაც კი არ უნდა აჰყვეს არც ერთი მხარდამჭერი და არც ერთი აქტივისტი და უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევაშიც კი, დედას რომ შეგაგინებენ და რომ უპასუხებ ასეთი ფორმით, აქაც უნდა დადგეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მკაფიო და ჩვენი მიდგომა. არც ერთ შემთხვევაში ძალადობას არ აქვს გამართლება, მაშინაც კი, როდესაც დედას გაგინებენ. მესმის, რომ მძიმეა და რთული, მაგრამ აქაც ყველას მართებს მოთმინება და ეს არის ჩვენი მოწოდება თითოეული მხარდამჭერისა და აქტივისტის მიმართ”, – განაცხადა კობახიძემ.


29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გივი ქველაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს.

შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარის“ და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზეც დაიწყო გამოძიება.

ფიზიკურ ანგარისწორებაზე საუბრობს ასევე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე.

30 სექტემბერს დილით კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, რომელიც მარნეულში სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ”. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.