„დედაენის ბარს“ რუსი ტროლები ბარში შესვლის პოლიტიკის გამო უტევენ

პუბლიკა

თბილისში მდებარე „დედაენის ბარს“ რუსი ტროლები ინტერნეტში უტევენ. ამის შესახებ ინფორმაცია ბარის გვერდზე თავდაპირველად 2 აგვისტოს გავრცელდა, დღეს კი ბარის დამფუძნებელმა, დათა გურჯიევმა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა.

მისი თქმით, „დედაენის ბარზე“ კიბერშეტევა მიმდინარეობს და ბარს ესაჭიროება სოციალური მედიის მართვაში განსწავლული ადამიანების დახმარება.


კოორდინირებული შეტევით, ბარს უარყოფით შეფასებებს უწერენ და მისი რეიტინგი Google-ზე 2,4-მდე ჩამოიყვანეს, ბარს დროებით სახელიც შეეცვალა და „დენაციფიკაცია“ დაერქვა, ოფიციალურ ვებსაიტად კი კრემლის მისამართი იყო მითითებული. გარდა ამისა აგრესიულ კომენტარებს წერენ ბარის სოციალური ქსელების გვერდებზე.

ტროლებს, სავარაუდოდ, კოორდინირებას უწევს მოსკოვში დაფუძნებული რადიკალური ნაციონალისტური მოძრაობის, Мужское государство-ის ლიდერი, ვლადისლავ პოზდნიაკოვი.

რუსეთის მოქალაქეების უკმაყოფილება ბარის მიერ დაწესებულმა „სავიზო რეჟიმმა“ გამოიწვია. „დედაენის ბარში“ შესასვლელად რუსეთის მოქალაქეებმა ვებსაიტზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ და უნდა დაეთანხმონ შემდეგ პუნქტებს:

  • მე ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია;
  • ვგმობ რუსეთის აგრესიას უკრაინაში;
  • ყირიმი უკრაინაა, ასევე სხვა სადავო ტერიტორიები;
  • აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს რეგიონებია;
  • საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული;
  • ყოველი მე-12 ქართველი რუსული აგრესიის გამო ლტოლვილად იქცა;
  • მომწონს ფრაზა „რუსსკი ვოენნი კარაბლ, იდი ნა „ხუი“;
  • დიდება უკრაინას.

ასევე ბარის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ „დედაენის ბარი“ მეგობრული და ტოლერანტული ადგილია, სავიზო პოლიტიკა კი დელიკატურმა პოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია და ზოგიერთმა „ცუდმა“ რუსმა, რომლებიც ცუდად მოიქცნენ ბარში“.

ვებგვერდზე რუსეთის მოქალაქეებისთვის გამოქვეყნებულია ქცევის წესებიც:

  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ იმყოფებით უცხო ქვეყანაში, მოიქეცით შესაბამისად;
  • ბარის თანამშრომლებთან კომუნიკაციის დროს ისაუბრეთ ქართულად ან ინგლისურად;
  • ნუ დაასკვნით, რომ ხალხი რუსულად ლაპარაკობს, ჯერ იკითხეთ;
  • ასევე ვაფასებთ მცდელობებს, ძალიან გაგვიხარდება თუ ისწავლით ისეთ მაგიურ ქართულ სიტყვებს, როგორიცაა – „გამარჯობა“, „მადლობა“ და „ორი ლუდი თუ შეიძლება“;
  • ნუ შემოგვთავაზებთ რუბლით გადახდას;
  • სიმთვრალის დროს ნუ შეხვალთ პოლიტიკურ დისკუსიაში.
LB loan image desktop LB loan image mobile