დედის მკვლელობაში ბრალდებულს და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

დედის მკვლელობაში ბრალდებულს და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დედის მკვლელობაში ბრალდებულისა და მისი მეგობრის საქმის პროკურორი, გიორგი შაიშმელაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, მკვლელობა ერთად, ჯგუფურად უნდა ჩაედინათ.

მისივე თქმით, მკვლელობის მოტივი გენდერული შეუწყნარებლობა იყო.

პროკურორის განცხადებით, ორივე ბრალდებულს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ შვილმა დედას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და გაქცევის საშუალება არ მისცა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. გარდაცვლილის შვილს ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LB loan image desktop LB loan image mobile