დეკანოზ თადეოზს საეკლესიო სასჯელი გარკვეული ვადით დაედო - საპატრიარქო

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დეკანოზ თადეოზს საეკლესიო სასჯელი – მონასტერში განწესება დაედო.

„საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეკანოზი თადეოზ სარალიძე ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში, მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობს. 24 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი ქადაგება, რომელშიც ის ქსენოფობიურ, არმენოფობიურ მოსაზრებებს გამოთქვამს, ავრცელებს სიძულვილის ენის შემცველ და ანტიჰუმანურ გზავნილებს.

საპატრიარქომ 27 იანვარს გაავრცელა დეკანოზ თადეოზ სარალიძის  წერილი, რომელშიც ის შენდობას ითხოვდა მღვდელმთავრისგან, მისი ქადაგების გამო.