დენის პროკოპენკოს ცოლის თქმით, ის ტყვეობაში მყოფ ქმარს ესაუბრა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

პუბლიკა

„აზოვის“ პოლკის მეთაურის დენის პროკოპენკოს ცოლის, კატერინა პროკოპენკოს თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა ტყვეობაში მყოფ ქმარს, რომელმაც უთხრა, რომ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია.

როგორც ცნობილია, „აზოვსტალიდან“ გამოსული უკრაინელი სამხედროები რუსებმა დონეცკის რეგიონში, სოფელ ილენოვკას ციხეში გადაიყვანეს. თუმცა სამხედროების ნაწილი, მათ შორის „აზოვის“ პოლკის ხელმძღვანელობა კამერებთან არ გამოჩენილან და ამ დრომდე უცნობი იყო დატყვევებულთა ბედი.

ახლა კი კატერინა პროკოპენკო The Guardian-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მან მცირე დროით შეძლო დენის პროკოპენკოსთან საუბარი.

„მან მითხრა, რომ ნორმალურად იყო და მეც მკითხა, როგორ ვიყავი. სხვა წყაროებიდან ვიცი, რომ მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია“, – თქვა კატერინა პროკოპენკომ.

თუმცა, უცნობია, შეეძლო თუ არა  დენის პროკოპენკოს თავის მდგომარეობაზე ცოლთან თავისუფლად საუბარი.

დიდი ბრიტანეთისა დაზვერვის ინფორმაციით „აზოვსტალი“ გასული დღეების განმავლობაში 1700-მდე უკრაინელმა ჯარისკაცმა დატოვა. დაჭრილები, რომელთა მდგომარეობაც მძიმე იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენები კი – ციხეში.