ევროკავშირის საბჭო დღეს, 13 ივლისს სომხეთში იწყებს ევროკავშირის პარტნიორობის მისიას (EUPM Armenia). მისია საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში იმოქმედებს. მისი მიზანია სომხეთის მხარდაჭერა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მდგრადობის გაძლიერებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებაში.
ევროპული საბჭოს ცნობით, EUPM Armenia სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუტებს სტრატეგიულ და ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს. მისიის საქმიანობა მოიცავს კიბერსაფრთხეების, უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI), ასევე უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას. ევროკავშირის ინფორმაციით, მისია ასევე ხელს შეუწყობს სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით კონკრეტულ პროექტებს განახორციელებს.
მისია აღმასრულებელი მანდატით არ იმოქმედებს და სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ ჩაერევა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ გასულ კვირას ევროკავშირმა სომხეთისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის პაკეტი წარადგინა, ახლა კი ადგილზე ახალ მისიას იწყებს.
„ევროკავშირის ექსპერტები სომხეთის ხელისუფლებას დაეხმარებიან კიბერსაფრთხეებთან, დეზინფორმაციასთან და უკანონო ფინანსურ ნაკადებთან გამკლავებაში. ევროკავშირი ძლიერი, დამოუკიდებელი სომხეთისა და სომეხი ხალხის უფლების – თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი – ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სომხეთი გარე ზეწოლის პირისპირ მარტო არ დარჩეს“, – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის განცხადებით, მისია სომხეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართული უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია. მისი მთავარი ამოცანაა სომხეთის შესაძლებლობების განვითარება, რათა ქვეყანამ უკეთ შეძლოს ჰიბრიდული საფრთხეების პრევენცია, გამოვლენა და მათზე რეაგირება, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სრული პატივისცემით.
EUPM Armenia ოფიციალურად 2026 წლის 21 აპრილს შეიქმნა. მისიის საწყისი მანდატი ორ წელს მოიცავს, ხოლო მისი შემადგენლობა ძირითადად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მივლენილი ექსპერტებით დაკომპლექტდება.
ეს სომხეთში ევროკავშირის მეორე სამოქალაქო მისიაა. იგი განცალკევებით ფუნქციონირებს 2023 წელს შექმნილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან (EUMA), რომელიც ადგილზე ვითარების მონიტორინგსა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი.