დღეს დაწყებული შეზღუდვები 80%-მდე გააუმჯობესებს ეპიდვითარებას - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში დღეიდან დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს.

„ვთვლით, რომ დღეს დაწყებული შეზღუდვები დაახლოებით 80%-მდე გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. თუმცა, იმისთვის, რომ ჩვენ ეს ფაქტობრივად დავინახოთ, საჭიროებს გარკვეულ პერიოდს. ეს პერიოდი როგორც უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, 2 კვირის ვადაში განიხილება ხოლმე.

სწორედ აქედან გამომდინარე იქნა საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული სამკვირიან შეზღუდვაზე, რათა ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლოთ და დავაკვირდეთ იმ დადებით პროგრესს, რომელიც ეპიდემიის გაუმჯობესების კუთხით არის მოსალოდნელი“,- განაცხადა ტიკარაძემ.


რამდენიმე დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ, გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყვიტა მიეღო ის რეგულაციები, რომლებიც იმოქმედებს დღეიდან, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე.

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები და საბაგირო გზები მგზავრებს ვერ მოემსახურება.

დღეიდანვე სრულად შეიზღუდა ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები. ასევე, დღეიდან შეიზღუდა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. ხოლო კვების ობიექტების მუშაობა დასაშვები იქნება 23:00-მდე.