დღეს იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს ჩამოიყვანენ – ბოკერია

პუბლიკა

დღეს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს ჩამოიყვანს.  კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ BM.GE-ის უთხრა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, დღის განმავლობაში რომის მიმართულებით ორი რეისი შესრულდება.

„მიმდინარეობს ჩვენი პილოტების, ბორტგამცილებლების მომზადება, სპეცკოსტუმებით აღჭურვა. გუშინ დასრულდა რომის აეროპორტთან მოლაპარაკება ორი ლოტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რათა შეუფერხებლად მომხდარიყო ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანა“, – განაცხადა ბოკერიამ.

რომან ბოკერიას ინფორმაციით, რომიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიან კარანტინში გადაიყვანენ. საჭიროების შემთხვევაში, კარანტინს გაივლის ბორტის ეკიპაჟიც. რაც შეეხება თვითმფრინავს, კომპანიის დირექტორის ცნობით, მას იზოლირებულ სივრცეში გადაიყვანენ და სანიტარული წესით დაამუშავებენ.

კორონავირუსის შემთხვევები იტალიის ოცივე რეგიონში დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 9 172-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რაოდენობა კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 498-ია. იტალია ე.წ. წითელ ზონად გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ. ქვეყანა მკაცრად იზოლირებულ რეჟიმზე გადაერთო. აკრძალვა ეხება საჯარო შეკრებებს. ასევე, მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ ზედმეტ გადაადგილებას, თუ ამას სამუშაო ან გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს.