დიდი ალბათობით, რუსთავში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება - ელისაშვილი

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილ იაცხადებს, რომ რუსთავის შუალედურ არჩევნებში, დიდი ალბათობით, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს და თავის კანდიდატს დაასახელებს.

„პირველი არხთან“ საუბარში ელისაშვილი ამბობს, რომ ჯაფარიძის დასახელება „ლელოს“ მხრიდან არაკოლეგიური საქციელი იყო.

„გუშინ არაკოლეგიური საქციელი ვიხილეთ – გამოვიდნენ, პრესკონფერენცია გამართეს და ცხელ გულზე თქვეს, რომ ბადრი ჯაფარიძე საერთო ოპოზიციური კანდიდატი იქნება რუსთავში. ეს არის არაკოლეგიალური დამოკიდებულება, ასე ქცევა არ შეიძლება.

„ლელოსთვის” ასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მოვიდნენ და შეთანხმდნენ. პრესკონფერენციას აწყობენ და გვითითებენ, ეს იქნება კანდიდატი და მხარი დაუჭირეთო. ბოდიშით, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს. დიდი ალბათობით, ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ და ჩვენი კანდიდატი გვეყოლება.

ამას წყენის და ბრაზის გამო არ ვაკეთებთ. თუ თანხმობა უნდათ, კეთილი ინებონ და წინასწარი კონსულტაცია გაიარონ. ტერიტორიას რომ მინიშნავ და სხვა გზა არ გაქვს, მხარი უნდა დამიჭირო, სწორი არ არის“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა გუშინ კენჭისყრაზე ბადრი ჯაფარიძის მანდატის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

რუსთავში საერთო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით „ლელოს“ ოფისში პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები დაიწყო.