დიდი ბრიტანეთი უკრაინას M270 ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემებს გადასცემს - უოლასი

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლასის თქმით, ისინი უკრაინას M270 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და ისეთ რაკეტებს მიაწვდიან, რომელთაც 80 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ სამიზნის დაზიანება.

ბენ უოლასის თქმით, ახალი სისტემები მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს. M270 ტიპის ამერიკული სარაკეტო სისტემების გამოყოფა და უკრაინისთვის საჩუქრად გადაცემა, უოლასის თქმით, აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციით მოხერხდა.

M270 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M142 HIMARS-ის წინამორბედი და მისი უფრო მძიმე ანალოგია.

ორივე სისტემა მულტიკალიბრულია, ანუ სხვადასხვა კალიბრის რაკეტის სროლა შეუძლიათ. მთავარი განსხვავება ისაა, რომ HIMARS-ის სისტემა მუხლოხოებიანი მძიმე შასის ნაცვლად, ბორბლებიანზეა განთავსებული, მსუბუქია და სწრაფად გადაადგილება შეუძლია, მაგრამ ორი ტურბინის ნაცვლად მხოლოდ ერთი აქვს.

შესაბამისად, M270-ს 227 მმ კალიბრის თორმეტი და 2 ოპერატიუ-ტაქტიკური რაკეტის სროლა შეუძლია, HIMARS-ს კი ექვსი 227 მმ კალიბრის და ერთი ოპერატიუ-ტაქტიკური რაკეტის სროლა.

„დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ წამყვანი როლი ვიტვირთეთ გმირი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იარაღის გადაცემაში, რაც მათ სამშობლოს დაცვაში დაეხმარებათ.

რუსული ტაქტიკა იცვლება და უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერაც უკრაინისადმი. ასეთი შესაძლებლობის მქონე ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები დაეხმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკეთ დაიცვან თავი რუსეთის სასტიკი, შორი მოქმედების არტილერიისგან, რომელიც პუტინმა მიმართა უკრაინული ქალაქებისკენ და განურჩევლად ანადგურებს მათ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

ბენ უოლასის თქმით, ახალი სისტემების ასათვისებლად უკრაინელი სამხედროები დიდ ბრიტანეთში გაივლიან სწავლებას, რაც მათ ახალი შეიარაღების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაში დაეხმარება.