დიღომში, საპროტესტო აქციაზე 2 დემონსტრანტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

პუბლიკა

აქტივისტი ანა პეტროსიანი ამბობს, რომ მას და მის მეგობარს, თამარ თოთლაძე დღეს, თბილისში, დიღმის მასივში, საპროტესტო აქციის დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დიღმის მასივში ახალგაზრდული მოძრაობა „ერთობა” საპროტესტო აქციას მართავდა. ისინი აქ დიდუბის მეტროდან მსვლელობით მივიდნენ. 15 ივნისამდე მათ მსგავსი მსვლელობა და აქცია ყოველდღე, სხვადასხვა მეტროსადგურიდან აქვთ დაგეგმილი.

ანა პეტროსიანი „პუბლიკას” უყვება, რომ ის მეგობრებთან ერთად არიგებდა გაზეთებს, რომელშიც სინდისის პატიმრების წერილებია დაბეჭდილი. ამ დროს რამდენიმე ადამიანმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„დაიწყეს ძიძგილაობა, ხელით იწევდნენ ბიჭებზე. ამ დროს კეფაზე მომხვდა ხელი, თამარ თოთლაძეს კი – გულ-მკერდის არეში. მე კისერი გაშეშებული მაქვს, თამარს სიწითლე ეტყობა”. – ამბობს ანა.

მისივე თქმით, თამარ თოთლაძესთან ერთად პოლიციას მიმართა. ისინი თავდაპირველად დიღმის განყოფილებაში გადაიყვანეს.

„თუმცა, დიღმის განყოფილებაში შუქი ჩაქრა და არ მოდის. გენერატორი არ აქვთ. ახლა გადავყავართ წერეთლის განყოფილებაში”. – ამბობს ანა.