ჟულიენ ბურტემბურგი: „ოცნებას" დიალოგი შევთავაზეთ, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია

პუბლიკა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ბელორუსიის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ჟულიენ ბურტემბურგმა 3 ივნისს, ევროპარლამენტში, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზეს დიალოგი ადამიანის უფლებებზე, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ბურტემბურგმა თქვა:

„ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციას ევროკავშირის წინააღმდეგ. ჩვენი ელჩი ყოველდღიურად აწყდება დეზინფორმაციულ თავდასხმებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ეს საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას. ამ ეტაპზე ხელახალი ჩართულობისთვის სივრცე ძალიან მცირეა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას შევთავაზეთ ჩვენთან დიალოგი ადამიანის უფლებებზე, რათა განგვეხილა ის საკითხები, რაზეც შეშფოთებულები ვართ, საკითხები, თუმცა ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

ჩვენი გზავნილი ნათელია: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, უნდა შეწყვიტონ ძალადობა და დაშინება, შეაჩერონ ყველა რეპრესიული კანონი და დაიწყონ ნამდვილი დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან”.

მან ასევე გაუსვა ხაზი უკვე მიღებულ ზომებს: დახმარების შეჩერებას, ასევე, პირდაპირი კონტაქტის შეწყვეტას „ქართულ ოცნებასთან” და უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერებას დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.

ჟულიენ ბურტემბურგმა ხაზი გაუსვა, რომ აქვთ სხვა ინსტრუმენტებიც:

„უმაღლესმა წარმომადგენლებმა გასულ წელს დღის წესრიგში დააყენა სანქციების საკითხი. არსებობს დამატებითი ზომებიც, რომლებიც შესაძლოა, გააქტიურდეს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ელჩი და დელეგაცია ადგილზე რჩებიან ამისთვის”. – განაცხადა მან.