ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული შეკითხვების დასმაა - ქარტია

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ 2020 წლის 28 მარტს, „TV პირველის“ გადაცემა ,,დღის ამბებში” ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძესთან ინტერვიუების დროს დასმული კითხვების გამო, ჟურნალისტები საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან შეურაცხყოფისა და უსაფუძვლო კრიტიკის საგანი გახდნენ.

„შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული შეკითხვების დასმაა.

გვესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირების გრაფიკი დატვირთულია, თუმცა, საზოგადოებასთან საუბარი ამავე გრაფიკის ნაწილი უნდა იყოს. ჟურნალისტები სწორედ მოქალაქეების ინფორმირებისთვის საჭირო შეკითხვებს სვამენ.

მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამო საჯარო ინფორმაციის გადაცემა შეჩერდა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა პირს, პატივი სცენ საზოგადოებას და უპასუხონ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მედიასთან გამჭვირვალე კომუნიკაციის მნიშვნელობა მოსახლეობის წინაშე მთავრობის ანგარიშვადებულების ნაწილია.

შექმნილ ვითარებაში ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებამდე სწორედ ჟურნალისტებს მიაქვთ, შეიძლება, სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.