დმანისის თეატრის წლიური ბიუჯეტი 26 000 ლარიდან 408 462 ლარამდე გაიზარდა - კულტურის სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის წლიური ბიუჯეტი, რომელიც აქამდე 26 000 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის მარტიდან, 408 462 ლარით განისაზღვრა.

სამინისტროს ცნობით, დმანისის თეატრს დღემდე საშტატო განრიგით სულ სამი თანამშრომელი ჰყავდა – სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და ფინანსისტი. უწყება ამბობს იმასაც, რომ თეატრს წლების განმავლობაში მწირი დაფინანსება ჰქონდა.

„მიმდინარე წლიდან კი სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი საშტატო განრიგით თეატრს ეყოლება 24 თანამშრომელი, მათ შორის, 8 მსახიობი, ასევე გამნათებელი, ხმის რეჟისორი, ტექნიკური რეჟისორი, რეკვიზიტორი, კოსტიუმერი, სცენის მემანქანე, მხატვარი, სადადგმო ნაწილის გამგე და ა.შ.

შესაბამისად, თეატრს ეყოლება ყველა იმ პროფესიის ადამიანი, რომელიც საჭიროა მისი ეფექტიანად ფუნქციონირებისა და შემოქმედებითი პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის. ბიუჯეტის ზრდაც დიდწილად, სწორედ სახელფასო ფონდზე აისახა, რათა თეატრში დასაქმებულ ადამიანებს სათანადო პირობებში მუშაობის საშუალება ჰქონდეთ“, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

მიმდინარე წლის 8 თებერვალს დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე დაინიშნა.

კულტურის სამინისტრო განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დმანისის თეატრი პრაქტიკულად მხოლოდ ფურცელზე არსებობდა – მას არ აქვს საკუთარი შენობა და არ ჰყავს მსახიობები.


დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 2017 წლიდან ლაშა ჩხვიმიანი იყო, რომელიც თეატრის უსახსრობაზე მისი ხელმძღვანელობის დროსაც საუბრობდა. წელს მას ხელმძღვანელობის 4-წლიანი ვადა ამოეწურა.

კულტურის სამინისტრომ მალევე განაცხადა, რომ დმანისში ჩაიშალა კონკურსი, რომელშიც განაცხადი მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა, ლაშა ჩხვიმიანმა შეიტანა. ჩაშლილი კონკურსის შემდეგ, დმანისში პირდაპირი წესით, კონკურსის გარეშე თუმანიშვილის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი სიხარულიძე დანიშნეს.