დროულად გამოიძიონ არასრულწლოვანზე სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობა - GCRT

პუბლიკა

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT გამოხატავს შეშფოთებას 2019 წლის 11 დეკემბერს 15 წლის მოზარდის მიმართ პოლიციის მხრიდან  განხორციელებული სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში მოქმედი არასრულწლოვანთა  მართლმსაჯულების კოდექსი პროცესში ჩართულ ყველა პროფესიონალს ავალდებულებს  ამოსავალ პრინციპად გაიხადოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი, გაითავლისწინოს ასაკობრივი თავისებურებები და ის სარისკო გარემოებები, რომლებმაც  შესაძლოა ზიანი მიაყენოს და საფრთხე შეუქმნას ბავშვის ფიზიკურ ან ემოციურ მდგომარეობას და განვითარების შესაძლებლობას.

„ნებისმიერი პროფესიონალი, რომელიც ერთვება სამართალწარმოებაში, ვალდებულია  აღიარებდეს ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს და ეთიკურ ნორმებს, ფლობდეს სპეციალურ ცოდნას და პროფესიულ უნარებს,  ასევე ვალდებულია დაიცვას კანონით განსაზღვრული ყველა პროცედურა, რომელიც ბავშვს შეუქმნის ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოს. შესაბამისად გამორიცხულია ამ პროცესში ბავშვის იძულება, მუქარა ან რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს

  • დროულად იქნეს გამოძიებული და გამოვლენილი დარღვევები, რომლითაც სავარაუდოდ მოხდა არასრუწლოვნის საქმის წარმოება და ფსიქოლოგიური ძალადობა, რის შედეგადაც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა.
  • დროულად და ეფექტურად იქნეს  გამოიძიებული არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე.

სახალხო დამცველს

შეისწავლოს 15 წლის მოზარდთან დაკავშირებული გარემოებები. დეტალურად გაეცნოს როგორც საგამოძიებო ნაწილს, ასევე მის სასკოლო ისტორიას.

11 დეკემბერს 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობის სცადა. თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მხრიდან მოზარდზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობაა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში  გამოკითხვაზე მისულ მოზარდს პოლიცია დანაშაულის აღიარების მოთხოვნით ემუქრებოდა  და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. რის შემდეგაც იმავე დღეს თვითმკვლელობის მიზნით მოზარდი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია და ინტენსიური მართვის განყოფილებაში იმყოფება.