დუმის სპიკერი ადასტურებს, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი მოკვდა

პუბლიკა

რუსეთის სახელმწიფო დუმის პრესსპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსი პოლიტიკოსი ვლადიმერ ჟირინოვსკი მოკვდა.

„ნათელი, ნიჭიერი პოლიტიკოსი. ადამიანი, რომელსაც ღრმად ესმოდა, როგორაა ეს სამყარო მოწყობილი და ბევრი რამ იწინასწარმეტყველა“, – წერს ვოლოდინი.

ვლადიმერ ჟირინოვსკის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია  რამდენჯერმე გავრცელდა რუსულ მედიაში, თუმცა რუსეთის სახელმწიფო უწყებების მხრიდან დღეს პირველად დადასტურდა.

ვლადიმერ ჟირინოვსკი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით მოკვდა. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში 9 თებერვალს გადაიყვანეს. როგორც რუსული მედია წერდა, ჟირინოვსკი ორი კვირა მალავდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.

76 წლის პოლიტიკოსს საავადმყოფოში გადაყვანისას კორონავირუსისგან გამოწვეული პნევმონია ჰქონდა. ჰოსპიტალში შეყვანისას მას უკვე ორივე ფილტვზე ჰქონდა ანთება და დაზიანება 50-75% იყო.

მას შემდეგ მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, როგორც ჟირინოვსკის მდგომარეობის გაუმჯობესების, ისე დამძიმების შესახებ.

ვლადიმერ ჟირინოვსკი დეკემბერში ამბობდა, რომ  „სპუტნიკის“ ვაქცინით უკვე რვაჯერ აიცრა და აცხადებდა, რომ შეიძლება ერთადერთი იყო, ვინც კორონავირუსის ვაქცინით ამდენჯერ აიცრა.