ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმა 20-დან 150 ლარამდე იზრდება - კანონპროექტი

პუბლიკა

უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, ძაღლების ღია სივრცეში –  ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმები იზრდება.

მაია ბითაძის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრთა ინიციატივით მომზადდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ძაღლების სეირნობა საბელის ან ალიკაპის გარეშე, რასაც ხშირად თან სდევს პრობლემები – ძაღლების ჩხუბი და პატრონიანი ძაღლების მიერ მოქალაქეების დაკბენა. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები აღნიშნულ საკითხს აკონტროლებენ, ვფიქრობთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ იგი მეპატრონეებისთვის შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენს, “- თქვა მან.

კანონპროექტის მიხედვით, მოქმედი ადმინისტრაციული ჯარიმა, რომლის ოდენობაც 20 ლარს შეადგენს, 150 ლარამდე გაიზრდება, ამასთანავე, ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი ქმედება 300 ლარით დაჯარიმდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.