ძალიან წყნარად მიდის პროცესები, რეფორმის საკითხი უმტკივნეულოდ და თითქმის დასრულდა - ოდიშარია

პუბლიკა

„ძალიან წყნარად მიმდინარეობს პროცესები, რეფორმის საკითხი უმტკივნეულოდ, თითქმის, დასრულდა”, – ასე აფასებს კინოცენტრის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბაჩო ოდიშარია. ამის შესახებ მან „იმედის” ეთერში ისაუბრა.

წამყვანის რეპლიკაზე – „საკმაოდ ხმაურიანი პროცესები მიმდინარეობს კულტურის სფეროში, სადაც საუბრობენ ზეწოლაზე და ცენზურაზე”, ოდიშარია პასუხობს:

„ხმაურიანში გააჩნია რას ვგულისხმობთ, თუ ხმაურში იმას ვგულისხმობთ, რომ არის რამდენიმე ერთეული ადამიანი, ვინც მუდმივად ისტერიულ მდგომარეობაშია, კი ბატონო, მაგრამ ხმაურს ვერ დავარქმევდი, ძალიან წყნარად მიმდინარეობს პროცესები, რეფორმის საკითხი უმტკივნეულოდ, თითქმის, დასრულდა, წლის ბოლოს უკვე იქნება ის შედეგი, რომ გაისად კინოცენტრი იფუნქციონირებს ყველა იმ ხარვეზის გარეშე, რომელიც აქამდე გააჩნდა. და ეს ხარვეზები ძალიან ბევრი იყო.  მათ შორის ის, რომ არ არსებობდა კონკრეტული თარიღები კონკრეტული კონკურსების…”, – განაცხადა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, შემდეგი წლიდან თვალსაჩინო იქნება, თუ როგორ ეფექტურად იმუშავებს კინოცენტრი და კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება კარგი ქართული კინოს შექმნისადმი დახმარების გაწევაზე.


21 აგვისტოს კინოს სფეროს წარმომადგენლებმა ეროვნული კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ორგანიზაციას ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი მოითხოვენ, რომ ცენტრის დირექტორის პოზიცია გახდეს არჩევითი. მის არჩევაში კი სფეროს წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა.

„მიტაცებული კინოცენტრის დამოუკიდებლობის დასაცავად გამოცხადებულ ბოიკოტს“ კინოს სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის 400-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.