ძმებ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

პუბლიკა

ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. აღნიშნულ ექსპერტიზას ისინი სამხარაულის ეროვნულ ბიუროში გაივლიან. – ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორებად პროკურატურამ ძმები კაკულიები და ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი ბესარიონ (ბუსა) ჟვანია დაასახელა.

უწყებამ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, (2021 წელს მოქმედი რედაქციით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ბრალდებით მსჯავრდებულები არიან: ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ათვლა იწყება 2021 წლის 7 ოქტომბრიდან.