ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო გაეროს უშიშროების სხდომის ჩატარებას მოითხოვს.

„რუსეთი პასუხისმგებელია გაეროს წესდების დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ყველა მცდელობაზე“, – წერს ის ტვიტერში.

უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 23 სექტემბერს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი დაიწყო, რომელიც 27 სექტემბერს დასრულდება.

დონეცკსა და ლუჰანსკში მოსახლეობამ უნდა გასცეს შემდეგ კითხვას პასუხი: „მხარს უჭერთ თუ არა, რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“.

ხერსონსა და ზაპოროჟიეში შემდეგი შეკითხვები იქნება გატანილი ბიულეტენზე: 1. „გსურთ თუ არა, უკრაინისგან გამოყოფა; 2. გსურთ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა; 3. გსურთ თუ რუსეთთან შეერთება?“