ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო რუსეთი პოლონეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

პუბლიკა

პოლონეთში რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო რუსეთი პოლონეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს.

რუსეთი მომხდარს ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად აფასებს და მიუთითებს, რომ პოლონეთმა ვერ შეძლო უზრუნველყო უმთავრესი ვალდებულება – დაეცვა ელჩის ხელშეუხებლობა.

რუსეთში პოლონეთის ელჩს უთხრეს, რომ რუსული მხარე მომხდართან დაკავშირებით პოლონეთის ხელმძღვანელობისგან ოფიციალურ ბოდიშს ელოდება და მოითხოვეს რუსეთის ელჩისა და პოლონეთში რუსეთის საგარეო მისიების ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

რუსეთის შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ვარშავის რეაქციაზე, დასძენს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

9 მაისს რუსეთის ელჩს პოლონეთში სერგეი ანდრეევს ვარშავაში აქტივისტებმა წითელი საღებავი შეასხეს.

რუსეთის ელჩი პოლონეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან მისვლას ცდილობდა.