ენდი ბერნემი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ორშაბათიდან დაიკავებს 

პუბლიკა

ენდი ბერნემი ლეიბორისტული პარტიის ახალ ლიდერი გახდა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს კი ორშაბათიდან დაიკავებს მას შემდეგ, რაც ჯერაც მოქმედი პრემიერი მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება და ოფიციალურად გადადგება.

ამის შემდეგ ბერნემი ბუკინგემის სასახლეში მივა, სადაც მეფე მას ოფიციალურად დაავალებს მთავრობის ფორმირებას.

კირ სტარმერმა 2 წლის წინ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა დაუნინგ-სტრიტზე გადასვლიდან სულ რამდენიმე კვირაში ზოგიერთი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და პოზიციების შეცვლის საზოგადოების მხარდაჭერის დაკარგვა დაიწყო.

ლეიბორისტი დეპუტატების დიდი ნაწილისთვის გადამწყვეტი მომენტი მაისში გამართული ადგილობრივი არჩევნები აღმოჩნდა, სადაც მემარჯვენე პარტია Reform UK-მა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამის შემდეგ ბევრ ლეიბორისტ დეპუტატს გაუჩნდა შიში, რომ Reform UK-ის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი მომდევნო საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვებდა.

ბერნემს დიდი ხანია, ლეიბორისტული პარტიის ლიდერობის ამბიცია აქვს, თუმცა პარტიის ლიდერის პოსტისთვის ბრძოლა მხოლოდ მოქმედ პარლამენტის წევრს შეუძლია.

ბერნემი ბრიტანეთის პარლამენტში ერთი თვის წინ შუალედური არჩევნების შედეგად დაუბრუნდა. Reform UK-ის კანდიდატზე მისი გამარჯვება ბევრმა ლეიბორისტმა დეპუტატმა იმის დასტურად მიიჩნია, რომ სწორედ ის იყო ყველაზე შესაფერისი კანდიდატი კირ სტარმერის შესაცვლელად.

ლეიბორისტული პარტიის სხვა გავლენიანმა ფიგურებმაც, მათ შორის, ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა საკუთარი ამბიციები გვერდზე გადადეს და ბერნემს დაუჭირეს მხარი. მათ შეუერთდა პარტიის დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობაც.

შედეგად ბერნემი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კონკურენციის გარეშე გახდა.

გაერთიანებულ სამეფოში პრემიერ-მინისტრი ხდება იმ პარტიის ლიდერი, რომელსაც თემთა პალატაში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს.

ბერნემმა განაცხადა, რომ ძირითადად იმ პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, რომლის საფუძველზეც ლეიბორისტულმა პარტიამ 2024 წლის არჩევნები მოიგო. განსაკუთრებით ეს ეხება პირადი საშემოსავლო გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) და ეროვნული დაზღვევის ძირითადი განაკვეთების უცვლელად დატოვებას.

ამასთან, მან უკვე დაიწყო საკუთარი პოლიტიკური გეგმების წარმოდგენაც. ერთ-ერთი ინიციატივის ფარგლებში, ბერნემს სურს, პრემიერ-მინისტრის ოფისის დამატებითი გუნდი ლონდონიდან 150 მილზე (240 კილომეტრზე) მეტი მანძილით ჩრდილოეთით, მანჩესტერში განთავსდეს.

ბერნემმა ასევე მიანიშნა, რა გეგმები აქვს სოციალური დახმარების, სოციალური ზრუნვის, იმიგრაციისა და თავდაცვის მიმართულებით. გარდა ამისა, მან თქვა, რომ შესაძლოა სიმდიდრის გადასახადის შემოღებაც განიხილოს, თუმცა ბევრ სფეროში კონკრეტული პოლიტიკა ჯერ არ წარუდგენია.

მას ასევე მოუწევს თავისი მინისტრთა კაბინეტის უმნიშვნელოვანესი თანამდებობების დაკომპლექტება, მათ შორის ფინანსთა მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტებზე.

ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, თუმცა კაბინეტის არც ერთი წევრი ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის.