ენმ-მ მოამზადა კანონპროექტი, რომლითაც რუსეთში რეგისტრირებული კომპანიების ტენდერებში მონაწილეობა უნდა შეიზღუდოს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არეგისტრირებს კანონპროექტს, რომლის მიხედვით რუსეთში დარეგისტრირებულ კომპანიებს საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის საშუალება აღარ უნდა ჰქონდეთ.

დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ასეთ კომპანიებს საქართველოს ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარი აქვთ წაღებული.

„კანონპროექტი, რომელსაც დღეს დავარეგისტრირებთ, გულისხმობს იმას, რომ ასეულობით მილიონი ლარი, რომელსაც ასხამს „ოცნების“ ხელისუფლება რუსულ ეკონომიკაში, დარჩეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში და მოხმარდეს ქართველ ხალხს.

რუსეთში დარეგისტრირებულ კომპანიებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის.

ეს იქნება ტესტი რა დამოკიდებულება აქვთ თანხასთან, რომელსაც ასხამდნენ რუსულ ეკონომიკაში. საუბარია რეზიდენტ კომპანიებზე, რომლებიც პირდაპირ რუსეთში აწარმოებენ ეკონომიკურ საქმიანობას. 200-მდე ასეთი კომპანიაა, რომელიც რუსეთშია დარეგისტრირებული და რუსეთში ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენი მწირი ბიუჯეტიდან თანხა რუსულ ეკონომიკაში არ უნდა მივმართოთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.