ენმ: მელია არ წარმოადგენს პარტიას, ეს საკითხი დახურულია

პუბლიკა

ენმ განცხადებას ავრცელებს ნიკა მელიასთან დაკავშირებით. პარტიაში ამბობენ, რომ ნიკა მელია აღარ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას”, თუმცა უცნობია, რას გულისხმობენ – გარიცხეს თუ თავად წავიდა.

პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა მელიას საკითხი „დახურულია“ და მასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარებსაც აღარ აპირებენ.

„მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია – ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მათი თქმით, ენმ ქვეყნისთვის გადამწყვეტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება. პარტიამ გამოაქვეყნა ერთობის მანიფესტი, რომელსაც მელია არ შეუერთდა.

გუშინ, 26 ნოემბერს, „ფორმულას“ ეთერში პარტიის თავმჯდომარემაც თქვა, რომ ნიკა მელია აღარ ირიცხება პარტიაში, თქვა, რომ „მას არ გაუშვია, არ გაუგდია, თვითონ გადაწყვიტა ის, რომ აღარ არის პარტიაში”.

„ეს კონკრეტული ადამიანი[მელია] აღარ წარმოადგენს პარტიას, აღარაა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, – თქვა ხაბეიშვილმა