„ანგრევს და ასუსტებს პარტიას" — ენმ-ის ნაწილი ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს

პუბლიკა

ენმ-ის ნაწილი პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვს. ყველა ვინც მოთხოვნას უერთდება ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილია პასუხისმგებელი ენმ-ში შექმნილ კრიზისზე, დაპირისპირების გაღრმავებაზე, რის გამოც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, პარტიის წევრების თქმით, ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომაა.

„ლევან, სკამს ნუ ჩაეჭიდები, მოგიწოდებთ, გადადგე თანამდებობიდან”. – მოუწოდეს ენმ-ს წევრებმა(თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილმა თავმდჯომარეებმა) დღეს ხაბეიშვილს ტრიბუნიდან.

„ახალმა მენეჯმენტმა, შენმა[ლევან ხაბეიშვილი] არასწორმა მმართველობამ გაგვრიყა პარტიული სივრციდან. ყველა პოზიციებს ჩამოგვაცილეს. ჩვენ ვიბრძოდით ღირებულებებისთვის, იდეალებისთვის, პარტიის ინტერესებისთვის. მოგიწოდებთ, სკამს ნუ ჩაეჭიდები, არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით ჩაეწეროს შენი მმართველობა, მოგიწოდებთ დატოვო თანამდებობა”. – თქვა ბესო გაზდელიანმა. 

ხაბეიშვილმა დღეს პოლიტსაბჭოს გაფართოებაზე ისაუბრა, ამაზე საპასუხოდ ენმ-ს იმ წევრებმა, რომლებიც მის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ, განაცხადეს, რომ იმ საბჭოს გაფართოება, რომელიც უკანონოდ არის არჩეული, უკანონობის გაფართოებაა.

„დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ხაბეიშვილი თანამდებობიდან, უნდა გაუქმდეს არსებული პოლიტსაბჭო,  რომელიც უსამართლოდ და არალეგიტიმურად არჩეულია.. უკანონოდ და არადემოკრატიულად შექმნილი პოსლიტსაბჭოს გაფართოება ნიშნავს უკანონობის გაფართოებას”. – განაცხადა ენმ-ის წევრმა. 

ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით რეგიონების საკრებულოებიდან არაერთი განცხადება გავრცელდა. ენმ-ის წევრები ამბობენ, რომ ხაბეიშვილი „ანგრევს და ასუსტებს” პარტიას.

„ლევან ხაბეიშვილმა მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და „ქართული ოცნების” ნარჩენებით პარტიის გავსება, რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია. მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს”, – თერჯოლის საკრებულოს ენმ-ს წევრების განცხადება.

ხაბეიშვილის გადადგომა ზუგდიდის საკრებულოს ენმ-ს წევრებმაც მოითხოვეს.

„ყველამ უნდა გადაწიოს უკან თავისი ამბიციები, ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ ვინც დააშავა, ან თუნდაც არ მოიხადოს ბოდიში, მაგრამ ლევან ხაბეიშვილმა თქვას, რომ ვერ გავაკეთე, ვერ გავაერთიანე, ვერ დავიხსენი და ამიტომ მივდივარ”. – თქვა ზუგდიდის საკრებულოს ენმ-ს წევრმა.

ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვეს ცაგერის საკრებულოს ენმ-ს წევრებმაც.
„მან[ხაბეიშვილი] პარტია ჩართო პროვოკაციულ შიდა დაპირისპირებაში და ვერ შეძლო ერთობის შექმნა ეს ადამიანი ვერ არის ლიდერი. ვითხოვთ, გადადგეს პარტიის თავმჯდომარე, რომ გახდეს ერთობა და გამარჯვება შესაძლებელი”.

ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვეს ფოთის, მცხეთის, ახალციხის, კასპის, ჭიათურის, ხობის საკრებულოს ენმ-ს წევრებმაც.
„2024 წელს, გადამწყვეტ არჩევნებში, პარტია ვერ შევა გახლეჩილი, ვერ აჩვენებს ღირსეულ შედეგს ლევან ხაბეიშვილის მართვის პირობებში”. 

„შექმნილი მძიმე მდგომარეობის დასარეგულირებლად არსებული მენეჯმენტი არაფერს აკეთებს და პირიქით, თუ აკეთებს რამეს, ამით მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს პრობლემას”. – ეს ქუთაისის საკრებულოს ენმ-ს წევრების განცხადებაა.

ამბროლაურის საკრებულოს ენმ-ის წევრები კი ხელს აწერენ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „არ შეხვედრიათ არც ერთი ადამიანი, რომელიც კმაყოფილია ხაბეიშვილის მმართველობით”.

„უნდა გაჯანსაღდეს პარტია, დამკვიდრდეს რეალურად დემოკრატიული მართვის წესი”.

ენმ-ის წევრების თქმით, რომლებიც ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით გამოდიან, ამბობენ, რომ ხაბეიშვილის გადადგომას უნდა მოჰყვეს პარტიის ყრილობის ჩატარება, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციით აირჩევს ახალ მმართველ ორგანოს.