ენმ-ს პროვოკაციულ მიზნებზე ჩვენმა სპეცსამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია სარწმუნო წყაროდან და გაუზაირეს უკრაინელებს - ვოლსკი

პუბლიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა „საკამოდ სარწმუნო წყაროდან“ მიიღეს ინფორმაცია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნითაა მობილიზებული“ და ეს ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურს მიაწოდა.

„ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია არის, რომ სწორედაც გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეციალურმა სამსახურებმა  და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება“, – აცხადებს ვოლსკი.

გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ „უკრაინელი კოლეგები ინტენსიური კონსულტაციებით და თავისი რესურსებით შეძლებენ, არ იქნას დაშვებული დელეგაციის მიმართ რამე პროვოკაცია.

კონკრეტულად რა პროვოკაციაზე საუბრობს გია ვოლსკი, დეტალებზე მას მედიასთან  აღარ უსაუბრია.

შეკითხვები დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც, რომელმაც განაცხადა, რომ კონკრეტულს ვერაფერს იტყვის გარდა იმისა, რომ ეჭვის საფუძველს უკრაინაში ვიზიტის შესახებ ენმ-ის საჯარო განცხადებები და დელეგაციასთან დაკავშირებით განწყობებიც ცხადყობს.

უმრავლესობის განცხადება არასერიოზულად მიაჩნია ენმ-ის დეპუტატ ლევან ბეჟაშვილს.

„სერიოზულად ამ განცხადებას ვერ აღვიქვამთ. უკრაინამ ოფიციალურად მიიწვია საქართველოს პარლამენტის დელეგაცია და ისინი იქნებიან პასუხისმგებელი დელეგაციის უსაფრთხოებაზე. ახლა ასეთი განცხადება უფრო გავს მიზეზების ძებნას და თავის არიდების მცდელობას. ჯობია, დაასრულონ ეს დებატები, მოიხადონ ვალი და გადავიდეთ ახალ ეტაპზე“, – აცხადებს ის.


საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება. ჯერჯერობით არ სახელდება გამგაზვრების ზუსტი დრო და მარშრუტი. ცნობილია, რომ ვიზიტი ერთდღიანი იქნება.