გიორგი ონიანმა ენმ დატოვა და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება

პუბლიკა

ენმ პარტიის კიდევ ერთმა წევრმა გიორგი ონიანმა დატოვა. ონიანმა დაწერა, რომ, მას შემდეგ, რაც პარტიაში თავმდჯომარე შეიცვალა მათი თანამშრომლობა ვერ შედგა, ტოვებს პარტიას და უერთდება ნიკა გვარამიას გუნდს, რომელსაც, მისი თქმით, „შეუძლია ქვეყნის ჭაობიდან გამოყვანა”.

„ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობას, იყო უამრავი გამოწვევა, სირთულე რასაც სწორედ ერთობით ვცემდით პასუხს. ერთი წლის წინ პარტიაში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელთანაც ჩემი თანამშრომლობა ბევრი მიზეზის გამო ვერ შედგა, არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს. ვფიქრობ, ბევრმა ისაუბრა ამ თემაზე და არ მინდა, თუნდაც მინიმალურად დავაზიანო ოპოზიციის საერთო ინტერესი.

ვინაიდან ვთვლი, რომ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს და ბიძინა ივანიშვილი, ანუ რუსული მართველობა, კორუფცია, მაფიოზობა, თაღლითობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და ხალხის აბუჩად აგდება უნდა დასრულდეს, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები და პოლიტიკურ ასპარეზზე ბოლო პერიოდში გამოჩენილ ღირსეულ, ერუდირებულ და გამარჯვებაზე ორიენტირებულ ადამიანებთან ერთად გავაკეთო ყველაფერი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად.

დიახ, ვფიქრობ ნიკა გვარამია და ახალი ადამიანების დიდი ჯგუფი, დიდი პოტენციალით, ქვეყანას გამოიყვანს იმ ჭაობიდან რომელშიც 2012 წელს შეიყვანა ბიძინა ივანიშვილმა”, – წერს გიორგი ონიანი.

ენმ მანამდე პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა დატოვა. მანაც თქვა, რომ უერთდება ნიკა გვარამიას გუნდს.

ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ მისი გუნდის „მნიშვნელოვანი ბირთვი ჩამოყალიბებულია”.

„გულწრფელად გეტყვით, მე მგონია, რომ დრო ჩვენზე მუშაობს და მე ამას სუფთა პოლიტექნოლოგიურად ვუყურებ, როგორც “ბლიცკრიგს”, სწრაფ საარჩევნო კამპანიას. მთავარია სწორი, ფუნდამენტური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჩქარო ამაში არაფერი არ არის”. – თქვა „მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ 31 იანვარს „პირველებთან”.