კიევში ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი იმყოფებოდნენ

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში საელჩოს კვლავ დააბრუნებს და სამხედრო შეიარაღებისთვის 322 მილიონი დოლარის დამატებით დახმარებას გაუწევს – ამის შესახებ მედია უკრაინაში ენტონი ბლინკენის და ლოიდ ოსტინის ვიზიტის შემდეგ წერს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში გუშინ, 24 აპრილს ჩავიდნენ და ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდნენ.

მათი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ 23 აპრილს, მეტროში პრესკონფერენციის დროს გაავრცელა. უკრაინული პრესა უწყება, რომ ვიზიტი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებული იყო და დასრულებამდე მედიას მისი გაშუქების უფლება არ ჰქონდა.

ვიზიტს ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი.

მან დაწერა, რომ განიხილეს თავდაცვის დახმარების, სანქციების პოლიტიკის გაძლიერების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის და უსაფრთხოების გარანტიის საკითხები.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის განცხადებით, სწორი აღჭურვილობითა და სწორი მხარდაჭერით უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება შეუძლია. მისი თქმით, აშშ ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, რაც მათ შეუძლიათ.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას ისეთი სახის მხარდაჭერა, არტილერია და საბრძოლო მასალა მივაწოდოთ, რომლებიც ეფექტური იქნება ბრძოლის ამ ეტაპზე. ბრძოლის ამ ეტაპზე, უკრაინელებს სჭირდებათ შორ მანძილზე ცეცხლი“, – განაცხადა ოსტინმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ის გაგრძელდება მანამ, ვიდრე საბოლოო წარმატებას არ ვიხილავთ“, – განაცხადა ბლონკენმა უკრაინა-პოლონეთის საზღვართან პრესკონფერენციაზე.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile