ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

პუბლიკა

მოძრაობა „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ ცხინვალში დაპატიმრებული ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას გეგმავს. მოძრაობის გავრცელებული ინფორმაციით, 18 ნოემბერს 12:00 საათზე „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება და სამედიცინო სფეროში მომუშავეები თავიანთი დაწესებულებების წინ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

„გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი! დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი!“, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობილი ქართველი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს რუსმა სამხედროებმა დააკავეს და მას შემდეგ ცხინვალშია დაპატიმრებული. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას სამხრეთ ოსეთის, ე.წ. საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან გაფრინდაშვილის მისვლის მიზანი ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო.